Picture
  ლეჩხუმის მოსახლეობა ხვამლის მთას ამინდის განმგებლად მიიჩნევდა. ,,ავი ტაროსის მბრძანებლად ლეჩხუმლებს ელია მიაჩნდათ. მათი წარმოდგენით ელია ბრმა უნდა ყოფილიყო, ან ცალთვალა. ის ჭექა-ქუხილს დაუძღვება ცაზე და რადგან მხედველობა არ უვარგა, ეშმაკს დაჰყავს. ეშმაკი ხშირად ატყუებს მას და სოფლის თავზე ჭექა-ქუხილს დაატეხინებს და სეტყვას აგზავნინებს. ზოგიერთის თქმით ის ჭექა-ქუხილის დროს ეშმაკს ესროდა მეხს. ხალხი როცა შეამჩნევდა რომ ხვამლის მთაზე მუქი ღრუბლები გაჩნდა, ეს მოსალოდნელი იყო ჭექა ქუხილის და სეტყვის, უმალ ზარის რეკვასა და ცაში თოფის სროლას იწყებდა, ამით თითქოს ელიას გააგებინებდნენ, რომ სოფლის თავზეა და ისიც გადაიფიქრებდა ჭექა-ქუხილის და სეტყვის გამოშვებას დედამიწაზე".
                                         გ. მამარდაშვილი
       ,,საოჯახო ყოფა და რწმენა წარმოდგენები ლეჩხუმის მოსახლეობაში"

      ახლაც გაიგონებთ ჩვენს სოფლებში ცუდი ამინდის დროს, მოსალოდნელი სეტყვისას, ტაშტების ხმაურს, თოფის სროლას-ხოლო ზარის რეკვას მამაო კრძალავს. ლეჩხუმში უხსოვარი დროიდან შემოღებულია ,,მითიური" მთის ხვამლის დღესასწაული ,,ხვამლობა'', რომელიც მაისში იმართება აღდგომიდან მერვე კვირის შაბათს. ის საეკლესიო კალენდარის სულთა შაბათს ემთხვევა. საკულტო ხედ ითვლება ნიგვზის ხე, რომლის ძირში უნდა შესრულებულიყო (ზოგი დღესაც აკეთებს) ამ დღისადმი მიზღვნილი რიტუალი. ერთი ვარიანტი ამ რიტუალიდან:
     ,,ხვამლობა დღეს ოჯახის უფროსი ქალი მოზელდა პურს, სახვამლობო ნიგოზისგან, დაამზადებდა ნიგვზიან ტაბლას სამს, და ერთს ჯვრის ფორმის კვერს, სამი ჯვრის ფორმიანი სანთელი, სამი კაკლის ნაჭუჭი, ესენი ერთ ბოთლ ღვინოსთან ერთად სახვამლობო ნიგვზის ქვეშ მიჰქონდა. ტაბლას წაღმა შემოატრიალებდა და დაილოცებოდა: ხვამლობის გამჩენო, ლებანის გამჩენო ძალო და მადლო გამიბედნიერე ჩემი ქმარ- შვილი, დაიფარე ხველისგან, სნებისგან, სანამ ცოცხალი ვიქნე, მე შენ ძირში მომკლა და შეხვეწილი არ დავაგდო"
      ლეჩხუმში გავრცელებული რწმენით უხუცესები ახლაც ამბობენ ,,თუ ხვამლი დეირუხუნებს ფეხგასულზე კაი მოსავალი იქნებაო", ,,ვინცხას ხვამლი სწყალობს, ნიავი და ქარი არ დაელევაო"
      ცნობილია რომ ხვამლის მთა მთელი ლეჩხუმის სალოცავი ადგილია. ძველად აქ წმინდა გიორგის ეკლესია ყოფილა, მაგრამ დროთ განმავლობაში დანგრეულა. XX ს.-ის 90-იან წლებში აშენდა ახალი სალოცავი...საინტერესოა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის ზოგიერთ თემში გავრცელებული ლეგენდა, რომლის შინაარსიც ასეთია:,, ხვამლზე ბატონობდა გველეშაპი, რომელიც ეყალს უკეტავდა მოსახლეობას და თუ მსხვერპლად ბავშვს არ მიუყვანდნენ წყალს არ იძლეოდა. მონადირე ძმებს ჟივჟივას და ვაჟინას ერთხელ ჩამოუვლიათ სოფელში და უნახავთ ,რომ  ერთი დედაბერი ,,შარდით" ცომავდა გობზე პურს. გაჰკვირვებიათ და უკითხავთ რას შვები დედაო, დედაკაცს უპასუხნია  ,,რასაო და ჩვენი წყალი გველეშაპს უჭირავს, მე კი იმდენი შვილი აღარ მაყავს რომ გველეშაპს მივგვარო და აბა წყალს ვინ მომცემსო". წასულან ჟივჟივა და ვაჟინა და თან ბავშვი წაუყვანიათ. გველეშაპის მოლოდინში ჩასძინებიათ და ბავშვის ტირილს გაუღვიძებია მონადირენი, გველეშაპი მათკენ მოდიოდა. მათ მშვილდ-ისრით გაუნგმირავთ საშინელი მხეცი და აუკუწავთ. ხორცი და ძვალი გორად დამდგარა და რამდენიმე საჟენი გამოსულა. აკუწული გველეშაპის შხამს მონადირენი დაუხოცავს. მადლიერ ხალხს ჩადენილი გმირობისათვის  ვაჟინასა და ჟივჟივას ხსენების დღეს შავი ორშაბათი დაუწესებიათ. ხვამლის მთის ძირში, რიონის ხეობის მხრიდან, სოფელ ტვიშში არის ერთი წყარო, რომელზეც სოფლელები ახლაც მიუთითებენ, რომ ეს წყარო გველეშაპს სჭერია და ,,კოდოურას" ეძახიან ამ წყაროს და უთითებენ რომ იქ ქვებს ახლაც ამჩნევია მოკლული გველეშაპის სისხლის წვეთები".
          ხალხში დღესაც არის, განსაკუთრებით თუ ოჯახში უხუცესია,  წეს-ჩვეულება: ,,დიდი მარხვის წინა ღამეს ოჯახში დამალავდნენ რკინის ნაკეთობებს, მაგ. დანას, მაკრატელს, ნაჯახს და სავარცხელს, ეს რიტუალი პირს შეუკრავდა ნადირს და შინაურ საქონელს, რომელიც გარეთ დარჩა ღამით საშიშროება აღარ ემუქრებოდა თითქოს. საღამოს დიასახლისი, ოჯახის წევრებს ჩამოურიგებდა ,,ტაბლის" ნაჭრებს, რომელშიც მარილი იყო ჩართული და ილოცებოდა: ,,რამაცა მხეცი გოუშვა, მხეცისა მტერი ჟივჟია, ჟივჟიასა და მის ძმას ვაჟუნას შეუნდოს ღმერთმა". ,,ამინ" ემოწმებოდნენ ოჯახის წევრები და ყველა თავის კუთვნილ ,,ტაბლის" ნაჭერს ღვინოში აწებდა და ისე მიირთმევდა, ეს სავალდებულო იყო. ადრე ლეჩხუმის მცხოვრებნი შიშს განიცდიდნენ მზისა და მთვარის დაბნელების დროს, განაკუთრებით ბავშვები და ქალები და ხმაურს იწებდნენ: ტაშტების ბრახუნს, ზარების რეკვას, თოფების სროლას. ასეთი ხმაურით თითქოს ცდილიბდნენ მზე გადაერჩინათ გველეშაპისაგან. ამის შესახებ ვ.ბარდაველიძე შემდეგს წერს: ,,გველეშაპი ამ მნათობის დაუძინებელი მტერია და ნიადაგ მას სდევნის და როცა დაეწევა ცდილობს მის შთანთქმას, ამ მიზნით ის მზეს ან მთვარეს რომელიმე ნაწილში სტაცებს ან მთლიანად ხახაში მოიქცევს, მაშინ ნაწილობრივი ან სრული დაბნელება ხდებოდა. ოდესმე რომ გველეშაპმა  თავის მიზანს მიაღწიოს და მნათობი შთანთქას ქვეყანას წყვდიადი მოიცავს და დაიღუპებაო". ეს უძველესი შეხედულება მნათობისა და გველესაპის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ გვხვდება ,,ვეფხისტყაოსანშიც"
-,,მზე ვეშაპსა დაუბნელა, ზედა რად მცა  გაგვითენდა"(1158)
-,,დარჩა მთვარე გავსებული, ძველისაგან ჩაუნთქმელი"(1198)
-,,რა საბრალოა გავსილი, მთვარე ჩანთქმული გველისა"(1230)
-,,ნახეს მზისა შესაყრელად, გამოეშვა მთვარე გველსა"(1420)
      ექედან -წართული ხალხური რწმენები მიწიერ და ციურ წყალს ერთმთლიანობაში წარმოგვიდგენს, რომლის ცირკულაციუა მიწიდან ცისკენ და პირუკუ განუწყვეტელია.
          



Leave a Reply.

    სკოლა

    სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლა

    November 2013

    Categories

    All